„როდესაც სავალუტო ბაზარი და მაკროეკონომიკური მდგომარეობა გვაძლევს ამის შესაძლებლობას, ჩვენ ყოველთვის ვყიდულობდით და ვავსებდით სავალუტო რეზერვებს, 2023 წელს დოლარის საკმაოდ დიდი შესყიდვები გავაკეთეთ და დაახლოებით 1,3 მილიარდით შევავსეთ ჩვენი რეზერვები, ასევე 2024 წლის პირველ ნახევარში. იმ ფაქტმა, რომ რეზერვების დაგროვებაზე ვიყავით კონცენტრირებული ახლა მოგვცა შესაძლებლობა, რომ საჭიროების შესაბამისად გამოგვეყენებინა რეზერვების გარკვეული წილი”, – განაცხადა ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თამთა სოფრომაძემ სავალუტო ინტერვენციების მნიშვნელობასა და ბოლო პერიოდში სებ-ის მიერ განხორციელებული ინტერვენციების შეფასებისას.
თამთა სოფრომაძის თქმით, გარკვეულ შემთხვევებში, როცა სავალუტო ბაზარზე წარმოიქმნება მსხვილი ერთჯერადი ტრანზაქცია ან არაფუნდამენტური ფაქტორებით გამოწვეული ჭარბი მერყეობა განხორციელდება, სებ-ი ყიდის უცხოურ ვალუტას. ოქტომბერში განხორციელებული სავალუტო ინტერვენციების ძირითადი მიზეზი გაცვლით კურსზე მიმდინარე ზეწოლა იყო, რაც არაფუნდამენტური ფაქტორებით იყო განპირობებული და კურსის ჭარბ მერყეობას იწვევდა. სოფრომაძის განმარტებით, სებ-ი მსგავს შემთხვევებში ინტერვენციების სტრატეგიის შესაბამისად იქცევა.
„მთავარია, რომ გრძელვადიანი ხედვა და გრძელვადიანი პოლიტიკა რეზერვების მიხედვით იყოს სწორი. მაკროეკონომიკური მდგომარეობის მხრივ არ იკვეთებოდა ზეწოლა გაცვლით კურსზე და ეს ზეწოლა მომდინარეობდა წინასაარჩევნო პერიოდში გაურკვევლობიდან გამომდინარე. ამის ფონზე სავალუტო ბაზარზე ხორციელდებოდა მსხვილი ერთჯერადი ტრანზაქციები, ძირითადად შესყიდვის მიმართულებით, რაც ქმნიდა დამატებით ჭარბ ზეწოლას ბაზარზე. ამავე პერიოდს დაემთხვა ის, რომ საბანკო დივიდენდების გადახდის პერიოდი იყო და როცა ამ დივიდენდების გადახდა ხორციელდება ამ დროსაც სავალუტო ბაზარზე არის მსხვილი ერთჯერადი ტრანზაქციები. ჩვენი ინტერვენციების სტრატეგიის შესაბამისად ასეთი ტიპის ზეგავლენას, რაც არაფუნდამენტური ფაქტორებიდან მომდინარეობს, ჩვენ სავალუტო ინტერვენციებით ვანეიტრალებთ და სწორედ ეს იყო მიზეზი ოქტომბრის ინტერვენციის“, – აცხადებს სოფრომაძე.
როგორც თამთა სოფრომაძე ამბობს, საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის ძირითადი გარანტორია. ეროვნული ბანკი ყოველთვის კონცენტრირებულია რეზერვების დაგროვებაზე და როცა ამის შესაძლებლობას ბაზარი გვაძლევს სებ – ი ავსებს რეზერვებს.
მისი თქმით, ეროვნულ ბანკს თავისი მანდატის პირობებში, რაც ფასების სტაბილურობის შენარჩუნებას ითვალისწინებს საკმარისი ინსტრუმენტები გააჩნია იმისათვის, რომ დაბალი ინფლაციური გარემო და სტაბილური ფასები შეინარჩუნოს.
„სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად დღესდღეობით საქართველოში მაკროეკონომიკური მდგომარეობა ძლიერია, ფასები სტაბილურია და დაბალ ინფლაციური გარემო ნარჩუნდება“, -აღნიშნა სოფრომაძემ.
შვეიცარიაში, ქალაქ ციურიხში, ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე Expovina რვა მწარმოებლის 25 სახეობის ქართული ღვინო იყო წარმოდგენილი. 31 ოქტომბრიდან 14 ნოემბრის ჩათვლით მიმდინარე…
“მესამე დღეა, სოხუმის აეროპორტში პირველი ტექნიკური რეისები შესრულდა”, – ამის შესახებ რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა განაცხადა. როგორც ასლან…